---
title: "მუხლი 29¹. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-1"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "29^1"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29¹. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-1

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-2.md
