---
title: "მუხლი 29³. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-3"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "29^3"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29³. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 29³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-3

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/29-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/30.md
