---
title: "მუხლი 31⁴. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-4"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "31^4"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31⁴. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 31⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-4

1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე  საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს.

3. საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო  სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით.

4. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება.

5. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-5.md
