---
title: "მუხლი 8⁸. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/8-8"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "8^8"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8⁸. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 8⁸ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/8-8

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებას; ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები.

3. ამ კანონსა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი III. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება, სახეები, დაფუძნება, სტატუსის მოპოვება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/8-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/9.md
