---
title: "მუხლი 103. საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/103"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "103"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103. საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 103 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/103

1. ბანკი ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაცია ვალდებულია :
ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) მის მიერ უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს);
გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისთვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა;
დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;
ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშის გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე;
ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით, რომლის დროსაც ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ზ) (ამოღებულია).

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით , მაშინ მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით , ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად , შესაბამისად , ბანკს უფლება აქვს განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები . ამასთანავე , შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის მიღება და / ან გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი ბეჭდით დამოწმება .
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2034 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.270
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2036 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.272
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3027 - სსმ I, №22, 30.04.2010წ., მუხ.121

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/102.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/104.md
