---
title: "მუხლი 108. საქონლის / მომსახურების საკონტროლო შესყიდვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/108"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "108"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. საქონლის / მომსახურების საკონტროლო შესყიდვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/108

1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე) ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.

3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოდის, როგორც ფსევდომომხმარებელი, და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობების გაცემა.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბრუნებელი თანხის ამოღების მიზნით აღნიშნული გადამხდელის მიმართ ხორციელდება ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საკონტროლო შესყიდვის მოცულობით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/109.md
