---
title: "მუხლი 112. კამერალური საგადასახადო შემოწმება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/112"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "112"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. კამერალური საგადასახადო შემოწმება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/112

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, ადგენს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო დეკლარაციების, ცნობების, დასკვნების, გაანგარიშებების, საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ატარებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ამ კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მოითხოვოს გადასახადის გადამხდელისაგან ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა.

4. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს გადასახადის გადამხდელს, რომელმაც ამ დოკუმენტებში უნდა შეიტანოს შესაბამისი შესწორებები.

5. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), მაშინ კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს და აწერს ხელს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.

6. კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის დარიცხული თანხის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/113.md
