---
title: "მუხლი 139. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/139"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "139"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 139 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/139

1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.

3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის ასმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

7. საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარად გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

8. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

10. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

12. პირი თავისუფლდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისაგან, თუ მან საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნა შეტყობინება საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან გონივრულ ვადაში.

13. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ფულადი ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.

14. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება.

15. ამ მუხლის მიზნებისათვის საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

16. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/140.md
