---
title: "მუხლი 143. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/143"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "143"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 143 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/143

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, –
იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით.

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი საქონლის გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;
ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული არ არის საქონელი.

8. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე). ამასთანავე, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადამხდელმა დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/142-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/143-1.md
