---
title: "მუხლი 150. „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულების უზრუნველყოფა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/150"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "150"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულების უზრუნველყოფა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/150

1. პირი თავის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში ვალდებულია, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ან/და ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის ცნობა (პირს ამ თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე) ან/და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი ან/და თავისი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად. წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიების საერთო ღირებულება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სადავო საგადასახადო დავალიანებაზე ნაკლები. საგადასახადო ორგანო საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის უგზავნის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინებას. საჯარო რეესტრი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ეს უფლება. აღნიშნული ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და იგი საკმარისია სადავო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

2. თუ პირი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს იმავე ნაწილში აღნიშნულ უზრუნველყოფის გარანტიებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენოს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები (სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, ხოლო თუ წარდგენილია ნაწილობრივი უზრუნველყოფის გარანტია, – იმ ფარგლებში, რაც საკმარისია სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის შესავსებად):
ა) ყადაღა დაადოს მის საბანკო ანგარიშებს;
ბ) ყადაღა დაადოს მის ნებისმიერი სახის ქონებას (მათ შორის, მოძრავ, უძრავ და არამატერიალურ ქონებას).

3. თუ საგადასახადო დავა გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ გაუქმდება მის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიები და საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება – გაუქმებულად.

4. თუ საგადასახადო დავა არ გადაწყდება პირის სასარგებლოდ, მაშინ მას სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო გადასახადისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების თანხის გადახდა.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/151.md
