---
title: "მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/2"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "2"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/2

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.

3. გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

5. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;
გ) საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში;
გ 1 ) კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
დ) საბაჟო კანონმდებლობისა;
ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე;
ვ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა;
ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.

7. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.

8. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4526 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.91
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/3.md
