---
title: "მუხლი 206. თანამფლობელობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/206"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "206"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 206. თანამფლობელობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 206 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/206

1. იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

2. ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს ამხანაგობის დასაბეგრი მოგება ან ზარალი ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

3. მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა მის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის მის ერთობლივ შემოსავალში, რომელ წელსაც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი ამ კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად.

5. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისთვის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

6. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

7. ამხანაგობაში მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით.

8. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მიეკუთვნება მის მფლობელს, ამ ფლობელის სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

9. ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ ამ ქონების ან/და მომსახურების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად.

10. ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით ამ კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/205.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/207.md
