---
title: "მუხლი 208. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/208"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "208"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 208. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 208 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/208

1. (ამოღებულია).

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

3. დასაბეგრი შემოსავლის ( მოგების ) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება , ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს .

4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ღირებულებაში შეიტანება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები.

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასსზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

6. თუ გადასახადის გადამხდელი არ ახდენს თავის საკუთრებაში არსებული საქონლის ინდივიდუალურ აღრიცხვას, ამ საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხად გამოიყენოს ერთ-ერთი მეთოდი:
ა) მეთოდი Fifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის მიკუთვნებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის მანძილზე (განმავლობაში) მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით;
ბ) მეთოდი Lifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება უკანასკნელად წარმოებული (შეძენილი) საქონელი;
გ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი.

7. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/207.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/209.md
