---
title: "მუხლი 228. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/228"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "228"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 228. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 228 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/228

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა ) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია , მათ შორის , ხელახალი რეგისტრაციისას დღგ - ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე ;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.

3. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა ემატება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.

6. ამ მუხლის მიხედვით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა აკლდება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს) უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება მოახდინონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/227.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/229.md
