---
title: "მუხლი 240. მომსახურების გაწევის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/240"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "240"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 240. მომსახურების გაწევის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 240 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/240

1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:
ა) უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ ქონებასთან;
ბ) მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ იგი დაკავშირებულია მოძრავ ქონებასთან;
გ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ იგი ხორციელდება კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში;
დ) ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. ამ კოდექსის 233-ე მუხლის მიზნებისათვის საქართველოს ფარგლების გარეთ გადასახადის გადამხდელის მიერ მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადატანასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად;
ე) მომსახურების მიმღები პირის მიერ ამ მომსახურების ეკონომიკური სარგებლის მიღების ადგილი, თუ ამ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:
ე.ა) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა ანალოგიური არამატერიალური აქტივის საკუთრებაში გადაცემა ან დათმობა;
ე.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და სხვა ანალოგიური მომსახურება;
ე.გ) პერსონალით უზრუნველყოფა;
ე.დ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა);
ე.ე) ხელშეკრულების ძირითადი მონაწილე პირის (საწარმოს ან ფიზიკური პირის) სახელით მოქმედი აგენტის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მომსახურება;
ვ) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.

2. თუ მომსახურების გაწევის ადგილი აღწერილია ამ მუხლის პირველი ნაწილის ერთზე მეტ ქვეპუნქტში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება მომსახურების აღმწერი რიგით პირველი პუნქტის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/239.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/241.md
