---
title: "მუხლი 248. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/248"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "248"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/248

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა.

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი.

3. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

4¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
თავი XXXVII
გადასახადის დეკლარირება და საანგარიშო პერიოდი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/249.md
