---
title: "მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/256"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "256"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 256 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/256

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება:
ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლისათვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე;
ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით;
გ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისათვის – ჯართის წონით;
დ) ალკოჰოლური სასმელებისათვის – ალკოჰოლური სასმელების მოცულობით;
ე) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით;
ვ) ნავთობპროდუქტებისათვის – ნავთობპროდუქტების წონით (მოცულობით);
ზ) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;
თ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით;
ი) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისათვის – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით), აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/255-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/257.md
