---
title: "მუხლი 47². წინასწარი გადაწყვეტილება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47-2"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "47^2"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47². წინასწარი გადაწყვეტილება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 47² (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47-2

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.

2. წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოიცა იგი. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა გადაწყვეტილება.

4. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება.

5. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:
ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;
ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება.

6. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

7. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

8. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.

9. შემოსავლების სამსახურს შეუძლია თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს ცვლილებისა და დამატების შეტანამდე არ გამოუყენებია გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა იგი.

10. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
თავი VI
საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/48.md
