---
title: "მუხლი 60. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის ლიკვიდაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/60"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "60"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის ლიკვიდაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 60 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/60

1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას, აგრეთვე გადასახდელი საურავისა და ჯარიმების გადახდას ასრულებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია მისი (საწარმოს/ორგანიზაციის) ფულადი სახსრებით, აგრეთვე ამ საწარმოს/ორგანიზაციის ქონების რეალიზაციით მიღებული სახსრებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფილიალის ან სხვა ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ ის საწარმო/ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა იგი, ხოლო თვით ამ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას – ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია.

2. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას (მათ შორის, სანქციებს) სოლიდარულად ასრულებენ ამ საწარმოს მონაწილეები.

3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) სრულდება ლიკვიდაციის დაწყებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ობიექტურ გარემოებათა არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გააგრძელოს საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესრულების აღნიშნული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, რაც არ აჩერებს საურავის დარიცხვას.

4. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანოები ჩათვლიან სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/61.md
