---
title: "მუხლი 61. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის რეორგანიზაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/61"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "61"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის რეორგანიზაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/61

1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის დაწყებამდე იყო თუ არა ცნობილი უფლებამონაცვლისათვის (უფლებამონაცვლეებისათვის) რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტები ან/და გარემოებები. უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ვალდებულია რეორგანიზაციის დასრულებამდე გადაიხადოს რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებაზე დარიცხული საურავი და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. აღნიშნული დებულებები ვრცელდება იმ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლეზედაც (უფლებამონაცვლეებზედაც), რომელიც თვითონ იყო აღიარებული სხვა საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ (უფლებამონაცვლეებად) და არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ასეთი უფლებამონაცვლეობით წარმოშობილი ვალდებულებები გადასახადებისა და სანქციების თანხების გადახდასთან დაკავშირებით.

3. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის დროს ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას ვადები არ იცვლება.

4. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

5. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.

6. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან ასეთი გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.

7. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.

8. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

9. საწარმოს / ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს / ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე ( საწარმოებზე )/ ორგანიზაციაზე ( ორგანიზაციებზე ) ვრცელდება ამ მუხლის მე -6 და მე -7 ნაწილები .

10. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის გადასახდელი სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/62.md
