---
title: "მუხლი 68. გადასახადის თანხების დარიცხვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/68"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "68"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. გადასახადის თანხების დარიცხვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 68 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/68

1. ამ კოდექსის თანახმად გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოში კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი გადასახადის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო დეკლარაციები;
ბ) ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
გ) შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის.

3. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადი ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.

4. თუ საგადასახადო კანონმდებლობა არ მოითხოვს გადასახადის გადახდას დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა განხორციელდა შეცდომით, საგადასახადო ორგანომ გადასახადი უნდა დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას „საგადასახადო მოთხოვნა“.

5. თუ გადასახადის გადახდევინება დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან, გადასახადის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც:
ა) ამ გადასახადის დარიცხვა;
ბ) „საგადასახადო მოთხოვნა“ და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/69.md
