---
title: "მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/29"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "29"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/29

1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს/თავმჯდომარის მოადგილეს მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭო თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

3. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო აირჩა – მისი არჩევის მომენტიდან. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

5. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/30.md
