---
title: "მუხლი 51². შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51-2"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "51^2"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51². შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 51² (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51-2

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.

2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა კომისიას 3 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

3. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ადგენენ სამოქმედო გეგმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საკუთარი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ და კომისიას წარუდგენენ 3 წელიწადში ერთხელ.

4. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით იქმნება ერთიანი, ადვილად, საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) ონლაინსაკონტაქტო პორტალი, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საჩივრების მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ.

5. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა კომისიის მიერ დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს საგანგებო ინფორმაციის, მათ შორის, საჯარო კომუნიკაციებისა და სტიქიური უბედურების სიტუაციების შესახებ განცხადებების, გავრცელება იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

6. სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/52.md
