---
title: "მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "51"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51

1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.

4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3449 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51-1.md
