---
title: "მუხლი 56¹. მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-1"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "56^1"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56¹. მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 56¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-1

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.

2. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას.

3. აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი პროგრამის ან რეკლამის, აგრეთვე ადამიანის/მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც უხამსობას შეიცავს. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 56 2 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.

5. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე.

7. ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.

8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ამ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5021 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5921 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3597 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-2.md
