---
title: "მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/6"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "6"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/6

1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

5. კომისიის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კომისიის წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/7.md
