---
title: "მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/72"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "72"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 72 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/72

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

2. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

3. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

3¹. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 66 1 მუხლის პირველი პუნქტით ან/და 1 1 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება − გამოიწვევს კომისიის მიერ, მისი გადაწყვეტილებით მაუწყებლისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას და დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას.

3². მაუწყებლის მიერ ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

6. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №215 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.131 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1744 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/73.md
