---
title: "მუხლი 16⁶. ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/16-6"
law: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "16^6"
identifier: "14-39"
adopted: "2016-05-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16⁶. ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 16⁶ (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/16-6

1. მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილების მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შესაბამისად) შესაძლებელია განხორციელდეს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი მაკომპენსირებელი ღონისძიებების გათვალისწინებით.

2. ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს შესაბამისი ფასის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გადახდა, რომელიც შეადგენს მიწის ნაკვეთის მოთხოვნილი ფუნქციური ზონით საბაზრო ღირებულებასა და არსებული   ფუნქციური ზონით საბაზრო ღირებულებას შორის არსებული სხვაობის 100%-ს.

3. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მიწის ნაკვეთი შეფასებული უნდა იყოს ვაკანტურ მდგომარეობაში როგორც არსებული, ასევე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის შესაბამისად.

4. ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით გათვალისწინებული ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო. ზემოაღნიშნული ფასის გადახდასთან დაკავშირებით კი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ამზადებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

7. განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად ფუნქციური ზონის ცვლილების შემთხვევაში, ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში ფასის გადაუხდელობა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

9. ამ მუხლით დადგენილი რეგულირება არ ვრცელდება:
ა) იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ხდება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფუნქციური ზონის დაბრუნება;
ბ) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე;
გ) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ობიექტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად;
დ) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია/განთავსდება ობიექტი, სადაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საცხოვრებელი ფუნქციის საანგარიშო ფართობიდან არანაკლებ 50% გამოყენებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის და აღნიშნული დადასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული პროექტის გაუქმების შემთხვევაში, სამინისტროს წერილობითი დადასტურების საფუძველზე, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციული ორგანოს/სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს, გააუქმოს საპროექტო ობიექტებზე გაცემული სამშენებლო/გეგმარებითი ნებართვა/ნებართვები;
ე) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ობიექტი, რომელიც ამ წესების 39​
1
მუხლის და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის შესაბამისად, ექვემდებარება ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლებას;
ვ) საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ან ამ ორგანოთა მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების/სააქციო საზოგადოების საკუთრებაში/მმართველობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუ ეს მიწა გამოიყენება ამავე ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელების საჭიროებისათვის;
ზ) იმ მიწის ნაკვეთებზე, სადაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში არსებული ფუნქციური ზონების ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის ასახვის მიზნით, ხდება სატრანსპორტო ზონის მოხსნა იმ პირობით, რომ ფუნქციური ზონის ცვლილება არ განაპირობებს სამშენებლო განვითარების ახალ შესაძლებლობას;
თ) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებით არეალში (ვარკეთილის მასივი) არსებულ მიწის ნაკვეთებზე;
ი) იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის ამოქმედებამდე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწებზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელ ღონისძიებად ფასის გადახდა ხორციელდება შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების დროს მოქმედი წესის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №19-83 - ვებგვერდი, 24.11.2026 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/16-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
