---
title: "მუხლი 15 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/15"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/15

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/16.md
