---
title: "მუხლი 16 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/16"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/16

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას; ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას; გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა; დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი; ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ი) გადადგა თანამდებობიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3399 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/17.md
