---
title: "მუხლი 27⁵ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27-5"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "27^5"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27⁵ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 27⁵ (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27-5

1. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე: ა) ხსნის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად; ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას; გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას; დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს; ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს; ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს; ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით; თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.

2. მხარეს უფლება აქვს, საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასვას საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების საკითხი, თუ: ა) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია; ბ) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან არის სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

4. აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27-6.md
