---
title: "მუხლი 37 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/37"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/37

1. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც იქნა შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ან/და საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი არჩევნების ჩატარებაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება: ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობას; ბ) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობას. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/38.md
