---
title: "მუხლი 11¹. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/11-1"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "11^1"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/11-1

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

2. თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურეობის სტაჟში.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/12.md
