---
title: "მუხლი 37⁵. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-5"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "37^5"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁵. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 37⁵ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-5

1. ეროვნულ ბანკს სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას შეუძლია გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტი: ა) კომერციული ბანკის შერწყმა; ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება; გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის გადაცემა; დ) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით; ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.

2. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება არ საჭიროებს კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, მოვალეების, კრედიტორების თანხმობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე საჭირო არ არის რაიმე წინასწარი შეტყობინება, გამოქვეყნება ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ემისიის პროსპექტის დამტკიცება.

3. რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად შეიძლება კომერციული ბანკის, როგორც სამართალსუბიექტის, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები გათვალისწინებული არ იქნეს.

4. რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საზედამხედველო პროცესში ამ კანონით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესები სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოსაყენებლად.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მისაღებ ან მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანოს ან ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-6.md
