---
title: "მუხლი 18². დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-2"
law: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
article: "18^2"
identifier: "matsne 32968"
adopted: "1996-03-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18². დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 18² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-2

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს (შემდგომ − სააგენტოს თანამშრომელი) უფლება აქვთ, საგანგებო შემთხვევაში (ხანძარი, წყალდიდობა და სხვა) გამოიყენონ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ავტომოტოტრანსპორტსა და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული მოციმციმე და ხმოვანი სიგნალები.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი: ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.

5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი შეიარაღებული თავდასხმისას.

7. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, აგრეთვე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის ან/და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1357 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-3.md
