---
title: "მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/20"
law: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 32968"
adopted: "1996-03-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/20

1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.

2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება: ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით; ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით; გ) დროებითი რეგულირებით.

3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.

4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება: ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა; ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება; გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება; დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება; ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა; ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა.

5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება: ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება; გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში; დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ; ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება: ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა; ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა; დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება; ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია; ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან; თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან. ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.

7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება: ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე; ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).

8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება: ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში; ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით); გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება); დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4736 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/21.md
