---
title: "მუხლი 10. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/10"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/10

1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. საინიციატივო ჯგუფმა სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.

2. საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას მიმართავს თხოვნით, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი, საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.

3. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.

4. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში.

5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.

6. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი № 1739 - სსმ I, № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 226
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1277 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/11.md
