---
title: "მუხლი 26. რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/26"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/26

1. საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
ბ) რეფერენდუმის დასახელება;
გ) რეფერენდუმის თარიღი;
დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;
მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;
ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

1¹. ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

1². ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საარჩევნო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საოლქო საარჩევნო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

3. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საოლქო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებებს რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს რეფერენდუმის მოწყობის მომდევნო დღისა; მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/27.md
