---
title: "მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/41"
law: "წიაღის შესახებ"
article: "41"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/41

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც სწავლობენ წიაღს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:
წიაღის ეფექტური შესწავლა;
სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების დადგენა;
წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;
ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღის შესასწავლი სამუშაოების სრულფასოვანი ჩატარება და შესწავლის შედეგების უტყუარობა;
ძირითადი და მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, გარემომცველი ქანების შემადგენელი კომპონენტების მარაგების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრის ობიექტურობა, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნათა შესრულება;
წიაღის შესწავლისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გარემოსათვის უვნებელი ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც არ გამოიწვევენ წიაღისეულის გაუმართლებელ დანაკარგებსა და ხარისხის გაუარესებას;
წიაღიდან ამოღებული ქანების ისეთი განთავსება, რომელიც გამორიცხავს ან შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას;
საბადოს დამუშავებისა და ეროვნული მეურნეობის მიზნებისათვის საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების შენარჩუნება, ხოლო შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისის ლიკვიდაცია;
გეოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტაცის, ქანების, მადნების ნიმუშების, კერნისა და სინჯების დუბლიკატების შენახვა წიაღის შემდგომი შესწავლის, საბადოს დაზვერვისა და დამუშავების, აგრეთვე წიაღით სხვა სახით სარგებლობისას მათი შესაძლო გამოყენებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/42.md
