---
title: "მუხლი 24. პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/24"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/24

1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.

2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას.

3. ამ კანონის IV თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმებას ან საქმიანობის უფლების აკრძალვას ან/და პირის დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/25.md
