---
title: "მუხლი 3. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/3"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/3

1. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

2. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები; ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას; ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას; თ) ქველმოქმედების უფლებას; ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას; კ) თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.

3. ეს კანონი არ უარყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ და სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/4.md
