---
title: "მუხლი 15². ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-2"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "15^2"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15². ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 15² (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-2

1. სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.

2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი:
ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15
1
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15
1
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15
1
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-3.md
