---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/2"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/2

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.

28) ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში;
გ) საცხოვრებელი სადგომი – საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის;
დ) წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
ე) საცხოვრებელი სადგომის ღირებულება – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ფასი ამ კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელების მომენტისათვის;
ვ) კომპენსაცია – ფულადი თანხა, რომელიც გამოიანგარიშება საცხოვრებელი სადგომის ღირებულების შესაბამისი პროცენტის სახით. ამასთანავე, მოსარგებლის მიერ გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულებას აკლდება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულება. მოსარგებლისათვის გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულების (მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების გამოკლებით) შესაბამის პროცენტს ემატება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების სრული ოდენობა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/3.md
