---
title: "მუხლი 6. მფლობელობის შეწყვეტა კომპენსაციის გადახდით, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სარჩელი — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/6"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მფლობელობის შეწყვეტა კომპენსაციის გადახდით, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სარჩელი — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/6

1. თუ მოსარგებლე საცხოვრებელ სადგომს 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს და მან მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, მესაკუთრე უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.

2. თუ მოსარგებლე კომპენსაციას არ იღებს და საცხოვრებელ სადგომს არ ათავისუფლებს, მესაკუთრე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს (მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელი).

3. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრეს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია ამ მოთხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან 3 წლის ვადაში.

4. თუ მესაკუთრე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის კომპენსაციას, მოსარგებლე უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს მესაკუთრეს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სარჩელი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7.md
