---
title: "მუხლი 51². სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51-2"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "51^2"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51². სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 51² (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51-2

1. საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი სათბურის აირების ემისიების  მონიტორინგის გეგმის საფუძველზე, დანადგარების კატეგორიზაციის, ემისიების წყაროების ნაკადებისა და ემისიების წყაროების შესაბამისი მეთოდოლოგიის თანახმად.

2. საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 31 მარტისა წარუდგინოს სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში დამმოწმებლის მიერ შესაბამისი ფორმით უნდა იყოს დამოწმებული.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანოსთვის წარდგენით საქმიანობის განმახორციელებელი პირის ანგარიშგების ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა.

4. დამმოწმებელი სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ ანგარიშს დაამოწმებს სათბურის აირების ემისიების მონაცემთა დამოწმების წესის შესაბამისად.

5. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანო სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ დამოწმებული ანგარიშის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.

6. საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსაციისა და შემცირების სქემის (CORSIA) ფარგლებში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შესაბამისი ანგარიშების დამოწმების მიმართ მოთხოვნები დგინდება „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან) ] საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/52.md
