---
title: "მუხლი 15. საკრებულოს თანამდებობის პირები ს უფლებამოსილებანი — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/15"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "15"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. საკრებულოს თანამდებობის პირები ს უფლებამოსილებანი — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/15

1. საკრებულოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას, მათ შორის, რიგგარეშეს;
ბ) უძღვება სხდომაზე საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვას;
დ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანამიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;
ზ) წარმოადგენს საკრებულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;
ი) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ მოვალეობათა შესრულებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
კ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;
ლ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;
მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ენიშნება გასამრჯელო.

4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს მდივანს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

5. საკრებულოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას. საკრებულოს მდივანი თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით ახორციელებს ფუნქციებს საკრებულოს დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

6. (ამოღებულია - 23.07.99, №2338).

7. საკრებულოს მდივანმა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეწყვიტოს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობა და მას დაენიშნოს გასამრჯელო.

8. საკრებულოს სხვა წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობიდან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
