---
title: "მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/47"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "47"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/47

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებული ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს რაიონების, ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების შექმნა-გაუქმება, საზღვრების დადგენა, გაერთიანება და გაყოფა, კატეგორიათა შეცვლა, სახელების დარქმევა-გადარქმევა, აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“. ამასთან, რაიონების შექმნა და გაუქმება, რაიონებისათვის სახელის დარქმევა-გადარქმევა, მათი საზღვრების შეცვლა, ქალაქებისათვის კატეგორიათა შეცვლა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე რაიონულ დონეზე იქმნება ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულო და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო – რაიონის გამგეობა.

4. რაიონის საკრებულო შედგება რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებისაგან. რაიონის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. სპიკერი ახორციელებს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. რაიონის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასმის შესახებ . რაიონის საკრებულოს მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება მის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების, ამ კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და მე-18 მუხლების და აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

5. რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) გამგებელი, რომელსაც საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და, როგორც წესი, რაიონული სამსახურის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

6. რაიონის გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას და დელეგირებულ უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილებათა მიღებას. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება რაიონის გამგეობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. გორის რაიონის ერედვისა და ქურთის, ქარელის რაიონის თიღვის და გულრიფშის რაიონის აჟარის თემების და მათში გაერთიანებული სოფლებისა და თემების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნა, უფლებამოსილებათა განსაზღვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნა) ხდება ამ კანონით რაიონისათვის დადგენილი წესით.

8. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებული პირებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, როგორც წესი, გამგეობის (მთავრობის) შემადგენლობაში, როგორც გამგებლის (მერის) მოადგილე ან წევრი, შედის იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენელი.
საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/46-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/48.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
