---
title: "მუხლი 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/11"
law: "წყლის შესახებ"
article: "11"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/11

1. წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებზე ზედამხედველობა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის სახელმწიფო აღრიცხვა, მისი გამოყენების რეგისტრირება; ზ) მონაწილეობა საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში; თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება; ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა; კ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება; მ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში; ნ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/12.md
