---
title: "მუხლი 20. მდინარის წყალდაცვითი ზოლი — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/20"
law: "წყლის შესახებ"
article: "20"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მდინარის წყალდაცვითი ზოლი — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/20

1. მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.

2. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს.

3. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი; ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი; გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი; დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.

4. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია: ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა; ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით; გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება.

5. წყალდაცვით ზოლში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის გაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3007 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/21.md
