---
title: "მუხლი 41. წყალმოსარგებლის ვალდებულებანი — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/41"
law: "წყლის შესახებ"
article: "41"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. წყალმოსარგებლის ვალდებულებანი — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/41

1. წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე; ბ) არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების შელახვა და სამეურნეო და ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ეს მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი; გ) წესრიგში იქონიოს გამწმენდი და სხვა ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს წყალსარგებლობის აღრიცხვა; ე) უზრუნველყოს ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება; დადგენილი წესით მოახდინოს გამოყენებისათვის უვარგისი ჭაბურღილების ლიკვიდირება; ვ) დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოთა წარმომადგენლები თავის აღჭურვილობასთან, ნაგებობებსა და მოწყობილობებთან; პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მაკონტროლებელ ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი; ზ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები.

2. წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/42.md
